დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

გორის მუნიციპალიტეტის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის შესახებ 

 

გორის  მუნიციპალიტეტი  აღმოსავლეთ  საქართველოს ცენტრალურ  ნაწილში, შიდა  ქართლის  რეგიონში  მდებარეობს.

მისი  ადმინისტრაციული  ცენტრია  ქალაქი  გორი, მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობია 1352 კმ2.

გორის მუნიციპალიტეტი აერთიანებს 1 ქალაქსა (გორი) და 120 სოფელს.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 125 692 ადამიანს შეადგენს - მამაკაცები (48.3%) და ქალები (51.7%).

მოსახლეობის 38% ქალაქში, ხოლო 62% სოფლად ცხოვრობს.

 

 

გორის მუნიციპალიტეტი, თბილისიდან დასავლეთით 76 კმ დაშორებულია. გორზე გადის საქართველოს მთავარი სარკინიგზო   და საავტომობილო გზა.

გორიდან ნებისმიერი მიმართულებით მოსახერხებელია მგზავრობა, მატარებლითა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

უახლოესი აეროპორტებია:თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

თბილისის საერთაშრისო აეროპორტი გორიდან 100 კმ-ით არის დაშორებული და ავტომობილით მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა  1 სთ და 20 წუთს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გორიდან დაშორებულია 174 კმ-ით დაავტომობილით მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა  2 სთ და 40 წუთია.

გორის მუნიციპალიტეტი ახლოს არის ასევე პორტებთან.

უახლოესი პორტებია: ფოთის პორტი - 247 კმ და ბათუმის პორტი -  292 კმ.

 

გორის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი კარგად განვითარებული ეკონომიკური ცენტრი ქვეყანაში, მდიდარი ტრადიციებითა და გამოცდილებით მრეწველობის სფეროში.

ეკონომიკის ძირითადი დარგებია ტურიზმი და ხალხური რეწვა,ვაჭრობა და მომსახურების სფერო,კვებისა და  სასმელების  ინდუსტრია,სოფლის  მეურნეობა, განახლებადი  ენერგია.

 

2016 წლიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 1623 არასაფინანსო საწარმო.

2017 წელს დარეგისტრირდა 93 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც 2016 წელს რეგისტრირებულ რაოდენობას 76-ით აღემატება. საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა შეადგენს 18-ს.

 

გორის მუნიციპალიტეტში შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი - 59,1%-ია, ხოლო უმუშევრობის დონე - 12%1.

 

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულები (სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, საცალო ვაჭრობასა და სხვა) ჭარბობენ და ამ ფორმით დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მიიჩნევს თავს დასაქმებულად. დასაქმებულთა საშუალო ხელფასია 762.1 ლარი.

 

ადამიანური რესურსის და იაფი მუშახელის არსებობას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა.

გორში არის  67 საჯარო სკოლა, აქედან 12 არის ქალაქში, ხოლო  55 სოფლად .

 

 

 

ფუნქციონირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც არის  22 საბაკალავრო და 13 სამაგისტრო პროგრამა (სოციალურ მეცნიერებათა,ბიზნესის, სამართალმცოდნეობის განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჰუმანიტარული  ფაკულტეტები).  

 

მნიშვნელოვანია ასევე პროფესიული კოლეჯი განთიადი, რომელსაც აქვს 11 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა.

მათ შორის: მეხილეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, სამღებრო სამუშაოების შესრულება.