
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 აპრილი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need (PIN) -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და PIN-ის პროგრამების მენეჯერი ნანა ყურაშვილი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და აქტივობებზე, რომელსაც ერთობლივად განახორციელებენ.
მემორანდუმს ხელი მოეწერა სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც გორში მეთვრამეტედ გაიმართა. საბჭომ ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) პროექტის (,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“) ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობა 2 წლის წინ დაიწყო. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა იმსჯელეს გორის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიასა და მერიის სოციალური სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგის გეგმაზე.
პროექტი, რომლის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) თანამშრომლობენ, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში-ტყიბულში, ხონში, ზუგდიდსა და გორში ხორციელდება.