
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

29 მარტი, 2019
კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას 17 თვის განმავლობაში განხორცილებული სამუშაოებისა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია. შეხვედრას, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლამ უმასპინძლა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ორ საათიანი პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერის განცხადებით, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 54%-ი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა.
2019 წელს 24 კმ გზის რეაბილიტაციას 15 მილიონამდე ლარი მოხმარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რამდენიმე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. გორში სასწრაფო დახმარების, ხიდისთავში კი ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. გარდა ამისა, 13 სოფელში რეაბილიტირდება არსებული ამბულატორიის შენობა. 9 სოფელში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია. ნაწილობრივ რებილიტირდება 30 საბავშვო ბაღი და 23 საჯარო სკოლის შენობა. საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა ელექტროფიკაციისა და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში. გარდა ამისა, ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება ფონდების დაფინანსებით. 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ 93, ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 153 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ორივე პროგრამის მიზანი მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა და მათთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაა.
2018 წლის მსგავსად, მერია მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, რომლებიც მუნიციპალურ დონეზე ხელს უწყობენ კულტურის, სპორტის, განათლების განვითარებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ. ევრიკავშირის გრანტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები „ლომჭაბუკისა“ და ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიტორიებზე მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ასევე შოთა რუსთაველის მემორიალი და მისი მიმდებარე სკვერი.
„ლომჭაბუკთან“იგეგმება ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობისა და საპარკინგე ადგილების მოეწყობა. ეთნოგრაფიულ მუზეუმთან შენდება სახელოსნოები, სადაც ტურისტები ქართული ხალხური რეწვის მრავალფეროვან ტრადიციებს გაეცნობიან. აღნიშნული მცირე საწარმოები, რომლებშიც ადგილობრივები დასაქმდებიან, დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც. გრანტის ფარგლებში იგეგმება ასევე, გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. სამუშაოებისთვის ევროკავშირმა 1 800 000, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი 287 991 ლარი გამოყო.