
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 თებერვალი, 2018
გორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კომპანია „ბეჰლენ ინდასთრის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მათთან ერთად კომპლექსი დღეს ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმაც მოინახულეს.
მშენებარე ობიექტი ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსია, რომლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლ ო პატარა - 500 მაყურებელზეა გათვლილი.
სპორტის სასახლეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება არამარტო რეგიონალური და საქართველოს პირველობების, არამედ საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების გამართვაც ხელბურთში, ფრენბურთში, ძიუდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.
სპორტული კომპლექსის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სასახლის მიმდებარედ 1 ჰა ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც შიდა გზებისა და პარკინგის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, დეკორატიული განათებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
გარე სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1, 333,000 ლარით ფინანსდება. სპორტის სასახლის მშენებლობა კი უზრუნველყოფილია ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ბეჰლენის მიერ მოპოვებული გრძელვადიანი საკრედიტო რესურსით. კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 10 000 000 აშშ დოლარი დაჯდა, რაც საქართველოს მთავრობამ 2021 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაფაროს.