
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

07 მარტი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 61 000 დოლარის ღირებულების გრანტი მიიღო. საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საგრანტო პროექტს ხელი იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს ხელი.
იაპონიის მთავრობის „გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში მიღებული გრანტით გორის მუნიციპალიტეტი გზების, სასმელი და სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის ტექნიკას შეიძენს. იაპონიის სამთავრობო საგრანტო პროგრამის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში წყლის და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.
პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს გზების რეაბილიტაციასთან ერთად გააუმჯობესოს და მოაწყოს ასობით კილომეტრის სიგრძის სარწყავი და სასმელი წყლის არხები. იაპონიის სამთავრობო პროგრამით გორის მუნიციპალიტეტის გარდა თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.
პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში თბილისის ტერიტორიაზე აშენდება პოსტ–ქიმიოთერაპიული რეაბილიტაციის ცენტრი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის კი გათვალისწინებულია 2 სახანძრო მანქანის შეძენა.
„ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171 529 აშშ დოლარი შეადგინა.