
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

27 ივლისი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გახსნა, საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იქნება. საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ მაჭავარიანი და საბჭოს მდივანი დარეჯან მურადაშვილი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის 2018 წლის 9 ივლისის N 3838 ბრძანებით დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 14 ადამიანის შემადგენლობით, მათ შორის, 8 მამაკაცი და 6 ქალია: ნუგზარ მაჭავარიანი, დარეჯან მურადაშვილი, გალაქტიონ ხარაბაძე, ზაურ საგანელიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ყანჩაველი, ქეთევან ბებიაშვილი, იოსებ ალიმბარაშვილი, მაია ბოლაშვილი, მალხაზ გოჩაშვილი, ელენე უთნელიშვილი, გიორგი ქარელი, ვალერი სუხიშვილი და ზაურ გოგიშვილი. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტი განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში. მერის სათათბირო ორგანო -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.