
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

03 მაისი, 2018
მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“ დაფინანსებული პროექტის - „გენდერი და გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა გენდერული თანასწორობის თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგები და მათ მიერ მომზადებული ვიდეორგოლები წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდა გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე, ასევე, წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროდან, რომლებმაც ისაუბრეს ქალების წარმატების ფორმულაზე, ასევე, იმ სიძნელეებზე, რაც მათ, როგორც ქალებს შეხვედრიათ საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე.
,,გენდერული თანასწორობის მისაღწევად განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლებული ქალი ვერ გახდება გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი, რადგან მან იცის თავისი უფლებები და იცის გზა, როგორ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი მუნიციპალიტეტის უპირველესი საზრუნავი არის განათლების ხელშეწყობა, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული მიუღებელი სტერეოტიპების მსხვრევას და მომავალი თაობის ჯანსაღ განვითარებას“ -განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა. პროექტი - „გენდერი და გენდერული თანასწორობა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბილიკის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელშიც მონაწილეობენ პროგრამა ,,მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლის მოსწავლეები ქვემო ხვითის, საქაშეთის, დიცის, აძვის, რეხისა და გორის მეორე, მეხუთე, მეექვსე, მერვე და მეცხრე საჯარო სკოლებიდან.
პროექტის ფარგლებში იმართება ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები; კონფერენციები, კონკურსები, გამოფენები დ ა სხვა აქტივობები, გენდერულ თანასწორობასა და სტერეოტიპებზე, ადამიანის უფლებებსა და ქალთა უფლებების დაცვაზე, ოჯახში ძალადობასა და მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე, ფემინიზმზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და კვოტირებაზე. პროექტი მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან“ 5 520 ლარით ფინანსდება.