მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე გორიდან წარდგენილია 21 პედაგოგი
გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილია 21 პედაგოგი.
ღონისძიება, რომელიც იაკობ გოგოებაშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიმდინარე წელს გაიმართება რიგით მეორე კონკურსი, რომლისთვისაც განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 22 აპრილიდან 05 ივლისის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
მასწავლებლის ეროვნული დღე, ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.