სიახლეები

სიახლეები

23 მარტი, 2018

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის კონცეფციის პრეზენტაცია

მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, შიდა ქართლში შესაძლოა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნას. თავშესაფრის კონცეფცია დღეს საზოგადოებას ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს. შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მერები, ცხოველთა უფლებების დამცველები, მედიის წარმომადგენლები, გორის მერიის სპეციალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები. საჯარო განხილვისთვის წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავშესაფრის მოწყობა 5000 კვადრატული მეტრის ფართზე. თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ვოლიერებით, ცხოველთა სასეირნო სივრცეებით, ლაბორატორიით, ვეტერინარული კლინიკით, კრემატორიუმითა და ქოლცენტრით.

ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ძირითადი ფუნქციები, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იქნება: ცხოველთა აღრიცხვის წარმოება, გამოძახების ან მომართვის საფუძველზე ცხოველთა ჰუმანური მეთოდებით დაჭერა და თავშესაფარში კანონით დადგენილი წესით გადაყვანა, მათი სტერილიზაცია/კასტრაცია/ვაქცინაცია (თუ არ გამოუჩნდა პატრონი). თავშესაფარს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს ფასიანი სერვისებიც პატრონიანი ცხოველებისთვის. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ინტერმუნიციპალური თავშესაფრის კონცეფციის ირგვლივ, დაისვა კითხვები მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. მომდევნო ეტაპზე გაიმართება გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტები წარადგენენ საკუთარ მოსაზრებებს თავშესაფრის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მოძიების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით