გორის მერმა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
„თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მოქალაქეების მიერ ინიცირებული პროექტები, არის ადგილობრივი თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური ფორმა. პროგრამა მოსახლეობას მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით, მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად პატარ-პატარა პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. ამასთან ერთად თანამონაწილეობა ამაღლებს მოსახლეობის პასუხისმგებლობას, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ საერთო საკუთრებას.“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ამხანაგობების წევრებთან შეხვედრისას.
სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, სკვერების და სადარბაზოების რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების გამოცვლა - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამხანაგობების წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამის გარეშე ისინი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ვერ შეძლებდნენ.
2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის 270 000 ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხის 75% ათვისებელი.
2018 წელს გორის მერიის თანადაფინანსების წილი 90%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 21 ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა. მათმა საერთო ღირებულებამ 223 264 ლარი შეადგინა, საიდანაც მერიის მიერ 200 825 ლარი დაფინანსდა.
გარდა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისა" გორის მერია "ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამასაც" ახორციელებს. სამუშაოების ღირებულების 90% - იანი წილობრივი მონაწილეობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებშიც გორის მერიამ 4 პროექტი დააფინანსდა.