
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 აგვისტო, 2018
2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობის შესახებ. როგორც ნუგზარ ჭავჭავაძემ აღნიშნა მონუმენტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მემორიალის მშენებლობისთვის 530 000 ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო. დღესვე , შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს, რის შემდეგაც გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპარქიის სამღვდელოებამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და მთავარმა კაპელანმა დეკანოზ დავით ლონდარიძემ გადაიხადეს.