
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 მაისი, 2018
ინკლუზიური განათლების თემაზე გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალს სამდღიანი ტრენინგი უტარდება.
ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა დოლიძე და ოკუპაციური თერაპევტი ნინო გულიაშვილი.
,,გორის მერიის განათლების განყოფილება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მუშაობენ. დღემდე არაერთი ტრენინგი გაიმართა ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მიგვაჩნია, რომ ამ გზით შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი სკოლამდელი დაწესებულებები და ავამაღლოთ სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის ხარისხი“ - განაცხადა მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ბერიანიძემ.
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია აღნიშნულ ტრენინგთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს, რომელიც ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტის პილოტირება განხორციელდა გორის N9 საბავშვო ბაგა-ბაღში და გადამზადდა ბაღის მთელი კოლექტივი. გადამზადებულ პერსონალს უტარდება რეგულარული პროფესიული სუპერვიზია. ისინი, ასევე, მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს ,,ინკლუზიური სკოლამდელი განათლების გზამკვლევის” პილოტირების პროცესში.
საპილოტე პროექტის განხორციელებაში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოების ინსტიტუტი".