
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

28 აპრილი, 2018
გორში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
ფილმის დაწყებამდე "საზოგადოება ივერიისა"-ს წარმომადგენლებმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სტუმრებს საინფორმაციო ბროშურები, აღშენებათა ანკეტები და ღვთისმშობლის მედალიონებიც გადასცეს. აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები გორისა და ატენის ეპარქიაში 21 აპრილს ჩამოაბრძანეს. მრევლს მათი მოლოცვის საშუალება ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა. სიწმინდეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძრიდან დღეს, 28 აპრილს, 12:00 საათზე გააცილებენ.
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოსალოცად მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში 2017 წლის 28 მაისს დაიწყო, რომელიც ერთი წელი და ოთხი თვე გაგრძელდება. აღნიშნული მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს — ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.