სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა

გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. კერამიკის სახელოსნო გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მოინახულეს, ოსტატის ნამუშევრები დაათვალიერეს და სასწავლო პროცესსაც დაესწრნენ.

კერამიკის შემსწავლელი უფასო კლასის გახსნა გიორგი ტატულაშვილის ინიციატივაა, პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება და მოჭიქული კერამიკის წარსულში სახელგანთქმული, მაგრამ ახლა უკვე მივიწყებული გორული ტრადიციების აღორძინება. ,,გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული კერამიკის გამორჩეული ოსტატია, რომლის შემოქმედება გორის კულტურული ცხოვრების ნაწილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხრიდან მისი ინიციატივის დაფინანსება, მითუმეტეს, რომ ამ პროექტით ხელი შეეწყობა ახალგაზრდების დაკავებას საინტერესო საქმიანობით და, ამავე დროს, ქართული კერამიკის ტრადიციებიც გაგრძელდება ჩვენ ქალაქში.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელია ქალაქ გორში მცხოვრები ოსტატი გიორგი ტატულაშვილი. ხელობა წინაპრებისგან ისწავლა. ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. ტატულაშვილების კერამიკა განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს. გიორგი ტატულაშვილის მოჭიქული ჭურჭელი მრავალფეროვანია. ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს და სხვა ღვინის თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. გამორჩეულია მისი თეთრჭიქურიანი ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი საღებავებით მცენარეული ორნამენტია დატანილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით