
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

03 სექტემბერი, 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა წარმოადგენდა.
თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები.
„პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებით, ზარდიაანთკარში ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა იგეგმება. უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა ასაშენებლ და სარეაბილიტაციო 28 საცხოვრებელ სახლს. მომზადდაა ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.