დღე : 27
ღამე : 11
კონტაქტი

განათლება, სპორტი

გორი სპორტული მიღწევებით გამორჩეული ქალაქია.

აქ განსაკუთრებით პოპულარულია საჭიდაო სახეობები (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა) და ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებებიც გორელ სპორტსმენებს ამ სახეობებში აქვთ მოპოვებული.

მსოფლიოში აღიარებულ გორის ძიუდოს და თავისუფალი ჭიდაობის კერებში აღიზარდნენ პლანეტისა და კონტინენტის უმთავრესი სპორტული შეჯიბრების გამარჯვებულები - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

გარდა ამისა, ბევრი შთამბეჭდავი საერთაშორისო წარმატება აქვთ მოპოვებული გორელ მოკრივეებს. სათამაშო სახეობებიდან ტრადიციულად პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი. გორის "დილამ" უკანასკნელი წლების მანძილზე შეძლო საქართველოს ჩემპიონობის, საქართველოს თასის და სუპერთასის მოპოვება. "დილა", ხშირად მონაწილეობს ევროპულ ტურნირებში.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი "გორის" ბაზაზე 500-მდე პატარა ფეხბურთელი ვარჯიშობს და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა რანგის ტურნირებში.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით უკანასკნელ წლებში გაიზარდა პოპულარობა და ახალგაზრდების ჩართულობა კალათბურთისა და რაგბის სექციებზე.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, 3000-ზე მეტი სპორტსმენი მეცადინეობს.

სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ 5 სასპორტო სკოლაში სპორტის 20 სახეობაში მიმდინარეობს სასწავლო-საწვრთნელი პროცესი. სპორტული სექციები მოქმედებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

სააგენტოში შემავალ ყველა სასპორტო სკოლაში - მეცადინეობას, შეჯიბრებებზე მონაწილეობას და საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებებზე საასპარეზოდ გუნდების ტრასპორტირებას გორის მერიის ხელშეწყობით სააგენტო უზრუნველყოფს.

გორში კარგადაა განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა. გორის სპორტულ სკოლებში ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს, ბოლო ხანს ქალაქს შეემატა ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, რომელშიც ტარდება მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებები.

როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო რანგის სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს აგრეთვე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.