ამ წუთებში გორში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის 3X3 - ის შესარჩევი ტური მიმდინარეობს.ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ასაკი განსაზღვრულია. ჩემპიონატის წესები მიხედვით, 16 წლამდე ასაკის სპორტსმენები ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.საუკეთესოები ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.საქართველოს ჩემპიონატი 1-2 ივლისს თბილისში დაიწყო და 18 ივლისს დედაქალაქშივე ფინალური ტურნირით დასრულდება. შესარჩევი ტურები გაიმართება ასევე თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში.
ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გამოიფინება ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს და 18 ივლისს თბილისში იქნება.
ტურნეს გამარჯვებული გაემგზავრება ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე „არენა სპორტ ჩელენჯ“, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში 15-16 აგვისტოს გაიმართება.ტურნირის მიზანია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია, მაქსიმალურად ბევრი მოყვარული თუ დამწყები სპორტსმენის ჩართვა აქტიურ სპორტში.