ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია გორში

დღეს, გორის ცენტრალურ მოედანზე  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია მოაწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი,  გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლები და პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ლიბერთი ექსპრესის მობილურმა ფილიალებმა გორის ცენტრიდან აიღეს სტარტი შიდა ქართლის იმ სოფლებისაკენ, სადაც არ არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი ცენტრები.   ექსპრეს ფილიალები მოსახლეობას საბანკო მომსახურებასთან ერთად   სახელმწიფო სერვისებითაც მოემსახურებიან. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას აღარ მოუწევს შორ მანძილზე გადაადგილება სახელმწიფო სერვისების მისაღებად.
პროექტი საპილოტეა და საქართველოს მასშტაბით პირველად შიდა ქართლში ხორციელდება. 
  
პროექტი „ლიბერთი ბანკთან“ პარტნიორობით, მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.
პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავს შიდა ქართლში მდებარე 260 სოფელს, ხოლო წლის ბოლომდე, მსგავსი მომსახურება 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი.