ძვირფასო გორელებო!
დღეს ჩვენმა აქტივისტებმა დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის კვლევისათვის შექმნილი კითხვარების დარიგება, რომელიც თქვენ უნდა შეავსოთ და უკან დაგვიბრუნოთ.
,,ქალაქი გორი - სასურველი ადგილი საცხოვრებლად“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ვახორციელებთ  გამოკითხვას. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ თქვენი აზრი ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენ მიერ შევსებული ანკეტების მიხედვით, ჩვენი ქალაქის განვითარების სასურველ კონტურებს მოვხაზავთ, შემდგომში კი,  საჯარო შეხვედრების საშუალებით, თქვენთან ერთად შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმებს გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.
ღრმად მწამს, რომ  აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის  გააქტიურებას, გორის მუნიციპალიტეტსა და გორელებს  შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.  ამავე დროს, პროექტი  ჩვენს ქალაქში შექმნის პრეცედენტს, როცა გორის თვითმმართველობის ისტორიაში პირველად ადგილობრივი ხელისუფლება  პრობლემური  საკითხების გადაჭრას შეეცდება არა ერთპიროვნული, არამედ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებით.
მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი  ჩეხი  პარტნიორებისა და გორელი ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც  აქტიურად გვეხმარებიან პროექტის განხორციელებაში.
მინდა მოგიწოდოთ თანამშრომლობისკენ  და გთხოვოთ  კითხვარის შევსებით დააფიქსიროთ საკუთარი აზრი იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავალი!