გორში დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიზნით ანკეტების დარიგება დაიწყო.
მერიის ოცამდე აქტივისტი კითხვარებს ყველა ოჯახში დაარიგებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს მისი შევსების ინსტრუქციასაც გააცნობს.
გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეს  ევალება შეავსოს კითხვარი და 3 ივლისამდე მიიტანოს  მითითებულ მისამართებზე: მერიაში, მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში ან დაუკავშირდნენ მითითებულ საკონტაქტო პირებს, რომლებიც თვითონ უზრუნველყოფენ კითხვარების წამოღებას.
მათ, ვისაც გამოკითხვაში მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით ურჩევნიათ,  ანკეტის ელექტრონულად შევსება შეეძლებათ   მერიის ოფიციალურ ვებგვერდსა /www.gori. gov.ge/ და ფეისბუქგვერდზე /www.facebook.com/ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია/.
გამოკითხვის მიზანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეისწავლოს მოსახლეობის აზრი ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით და საჯარო შეხვედრების საშუალებით საზოგადოებასთან ერთად შეიმუშაოს  კონკრეტული გეგმები გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.
,,ღრმად მწამს, რომ  აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის  გააქტიურებას, გორის მუნიციპალიტეტსა და გორელებს  შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.  ამავე დროს, პროექტი  ჩვენს ქალაქში შექმნის პრეცედენტს, როცა გორის თვითმმართველობის ისტორიაში პირველად ადგილობრივი ხელისუფლება  პრობლემური  საკითხების გადაჭრას შეეცდება არა ერთპიროვნული, არამედ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებებით.“ - ნათქვამია მერის მიმართვაში, რომელიც კითხვარს უძღვის წინ.
გამოკითხვას გორის მერია  ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ,,აგორასა“ და ,,რეგიონების განვითარების ფონდთან“ ერთად ახორციელებს.
კითხვარების დარიგებაში მერიას დახმარებას უწევენ ახალგაზრდა მოხალისეები გორის ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროადან“, ,,ახალგაზრდა ლიდერთა ქსელიდან“ და ,,გორის მერიის ახალგაზრდული სათათბიროდან“.