ქალაქ გორიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი დელეგაცია 19-21 ივნისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ქალაქ ბელოსტოკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქის მერის თადეუზ ტრუსკოლასკის მიწვევით დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში ბელოსტოკის პარტნიორი ქალაქების დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა ოფიციალური, საქმიანი და საზეიმო ღონიძიებები, სადაც განიხილეს დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
ბელოსტოკის დღეები წელს პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 25 წლისთავს დაემთხვა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის იდეის შესახებ, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ბელოსტოკის გამოცდილებას მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და საჯარო კონსულტაციების გამართვის შესახებ.
 
,,ვიზიტი ბელოსტოკში საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. პარალელების გავლება ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის, ალბათ, ძნელი იქნება, რადგან ჩვენთან შედარებით მათ შთამბეჭდავად დიდი, დაახლოებით 10-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, მაგრამ რაც თვალში მოსახვედრია, არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ფორმირებული და ბოლო 2-3 წელია დამკვიდრებულია ე.წ. სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკა. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაზე იხარჯება. ჩვენც ამ გზაზე ვდგავართ, კერძოდ, გვაქვს ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამა, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით თანხის ხარჯვის ჩვენში არსებული პრაქტიკაა. ამჟამად კი ვახორციელებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართველოს მუნიციპალიტეტების მასშტაბით. გამოკითხვამ უნდა მოგვცეს საშუალება მოქალაქეზე მეტად მორგებული ბიუჯეტი შევიმუშაოთ. ეს კი უკვე პოლონური სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელს ჰგავს.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა ვიზიტის შედეგების შეფასებისას.
ბელოსტოკი პოლონეთის ყველაზე მსხვილი ქალაქია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
გორისა და ბელოსტოკის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა და დღემდე რამდენიმე გაცვლითი ვიზიტი განხორციელდა.
მიმდინარე წლის ვიზიტის ორგანიზება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.