გორში გრიბოედოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
დღეისათვის აღნიშნულ ქუჩაზე არსებული დაზიანებული ასფალტის საფარი მოფრეზილია. შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია ღრმა ორმოების მოსწორება და ასფალტის ახალი საფარის მოწყობა.
სარეაბილიტაციო  ქუჩა მშვიდობის გამზირსა და მოსკოვის ქუჩებს შორის მდებარეობს და მისი   სიგრძე დაახლოებით 220 მეტრია. აღნიშნული ქუჩით სარგებლობენ გორის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები და 10-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეები.
გრიბოედოვის ქუჩასთან ერთად აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ბაგრატიონის ქუჩის ნაწილის, კერძოდ, ანტონოვისა და ბერუაშვილის ქუჩებს შორის არსებული 90 მეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაციაც.
გრიბოედოვისა  და ბაგრატიონის  ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 15 ივნისს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,შარა“ ასრულებს.