გორში საზოგადოებრივი აზრის  გამოსაკითხად მოსახლეობაში კითხვარების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამის შესახებ პროე  ქტის კოორდინატორებმა რეგიონული განვითარების ცენტრისა და მერიის წარმომადგენლებმა ქრისტინა ფარჯიანმა და შალვა ტლაშაძემ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განუცხადეს და გამოკითხვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება სთხოვეს.
  
შეხვედრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში შედგა, სადაც დამსწრე საზოგადოებას კითხვარისა და  პროექტის დეტალურად გაცნობის საშუალება მიეცა. ,,გორი - სასურველი ადგილი საცხოვრებლად“  ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში  გორში პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიაში თვიათმმართველობის ორგანოს დაინტერესებითა და ჩართულობით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხორციელდება.  წინასწარ მომზადებული კითხვარები შესავსებად გორის მოსახლეობას უახლოეს დღეებში დაურიგდება.  ასევე შესაძლებელი იქნება ანკეტის ელექტრონულად შევსება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.gori. gov.ge/.
ანკეტაში მოცემულია კითხვები ქალაქის საჭირბოროტო საკითხებზე, მათ შორის, ტარნსპორტის, პარკირების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, აგრარული ბაზრის, სარეკრეაციო ზონებისა სხვა საკითხებზე. კითხვარებს მერიის აქტივისტები  დაარიგებენ ოჯახებში. მოსახლეობას ევალება შეავსოს კითხვარი და 30 ივნისამდე  მიიტანოს კითხვარში მითითებულ მისამართებზე: მერიაში, მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში ან დაუკავშირდნენ მითითებულ საკონტაქტო პირებს, რომლებიც თვითონ უზრუნველყოფენ კითხვარების წამოღებას.
გამოკითხვა 30 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც სოციოლოგები გააკეთებენ კითხვარების დეტალურ ანალიზს.
პროექტის მომდევნო ეტაპზე, 14 ივლისს, გაიმართება  საჯარო შეხვედრა რომელზეც განიხილავენ კვლევის შედეგებს. დასკვნით ეტაპზე დაკომპლექტდება  სამუშაო ჯგუფები, რომლებიც   შეიმუშავებენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს საჯარო შეხვედრაზე განხილული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად და გადაუგზავნიან მუნიციპალიტეტს.
პროექტი  2015 წლის აპრილში დაიწყო და  2015 წლის დეკემბერში დასრულდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობას, საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასა და გააქტიურებას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროექტს  ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს ,,TRANSFORMATION COOPERATION PROGRAM”-ის ფარგლებში.“ პროექტის სახელწოდებაა „ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით“  და მას  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Agora Central Europe“ ახორციელებს.  "აგორას" ადგილობრივი პარტნიორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – „რეგიონული განვითარების ცენტრი“ (RDC).
  
პროექტის ავტორები მოუწოდებენ გორის მოსახლეობას, რომ  მასიურად ჩაერთონ პროექტში და ხელი შეუწყონ ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ყველა პრობლემური  საკითხის გადაჭრას არა ერთპიროვნული, არამედ საზოგადოებრივ აზრზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით შეეცდება.