ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა. გორის მერმა პოლონეთის სეიმის დეპუტატთან ტომაშ მაკოვსკისთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან რადოსლავ ბლოხსა და ჰენრიკ პჟესტჟილსკისთან  შეხვედრაზე ქალაქის ბიზნესის პოტენციალზე ისაუბრა. სტუმრები ქვეყანაში არსებული ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებითა  და საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პოლონურ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დეპუტატ ტომაშ მაკოვსკის განცხადებით, იგი გორში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმყოფებოდა და სწორედ მაშინ დაინტერესდა აღნიშნულ ქალაქთან თანამშრომლობით. დეპუტატი პოლონეთის პარლამენტში აღმოსავლეთ ევროპის საკითხების მიმართულებით მუშაობს და როგორც თავად აღნიშნავს გორში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთის ქალაქ  ორჟიშს ოფიციალური ვიზიტით  18-21 ივნისს ეწვევა. იგი ქალაქის მერს ზბიგნევ ვლოდკოვსკის  და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, სადაც განიხილება ორ ქალაქს შორის აქტიური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.