დღეს, 15 ივნისს, 19:00 საათზე გორში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ ჩირაღდანს ელოდებიან.ესტაფეტაში 17 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დაშვებული დროშების ფონზე, ქალაქში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მოკრძალებულად აღინიშნება.

19:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები მიმართავენ. ისინი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ღრმა მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო.ღონისძიების ფარგლებში 18:45 საათიდან ერთი საათით გადაიკეტება სუხიშვილის ქუჩა თბილისის ქუჩამდე, თბილისის ქუჩა მთლიანად, სტალინის გამზირი და ცენტრალური მოედანი.ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობს.
26 ივლისს, თბილისში ევროპის ახალგაზრდლი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.