გორში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და საზოგადოებრივი ინოვაციების  ცენტრი  შეიქმნება.
პროექტის განხორციელებით თბილისის შემდეგ გორი გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უახლესი დანადგარები და საგანმანათლებლო პროგრამები.
ლაბორატორია გამომგონებლებსა და მეწარმეებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ ლაბორატორიული კვლევები, შექმნან ინოვაციური პროდუქტების პირველადი პროტოტიპები და გამოუშვან მცირე მოცულობის საცდელი პროდუქცია.  ცენტრი უზრუნველყოფს, რომ ,,იდეიდან პროტოტიპამდე“ ციკლის განხორციელება შეძლონ დამწყებმა კომპანიებმა იდეის ტესტირების და მისი კონკრეტულ პროდუქტად გადაქცევის მიზნით. ლაბორატორიის  ფუნქციონირების პერსპექტივები  დღეს  ქალაქ გორის ვიცემერმა ნიკოლოზ ჯოხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძემ   მსოფლიო ბანკისა და   საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან,  პროექტის ხელმძღვანელებთან თომა ჰევენთან, სიდჰარტა რაჯასთან, ივონა ბოროვიცთან, ნიკ კოჯუჩაროვთან და მარიამ ლაშხთან ერთად  განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გორში არსებული მცირე და საშუალო საწარმოებში არსებულ მდგომარეობის, ბიზნესის პრობლემების, ინოვაციური იდეების პოტენციისა და განხორციელების შესაძლებლობების,  ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან ასეთი იდეების ხელშეწყობის ბერკეტების შესახებ.
,,ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით შევქმენით მუნიციპალური პროგრამა, რომელსაც  ,,დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამა“ ვუწოდეთ და რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ექვს საუკეთესო ნოვატორულ  ბიზნესიდეას დააფინანსებს. გორს ნამდვილად აქვს ინოვაციური პროდუქციის შექმნის ინტელექტუალური პოტენციალი და ლაბორატორიის არსებობა ჩვენთვის ამ პოტენციალის წარმოჩინების საუკეთესო შანსი იქნება.“ - განუცხადა ვიცე-მერმა ნიკოლოზ ჯოხაძემ  სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის  წარმომადგენლებს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც საქმიანობს  ინოვაციებისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
როგორც სააგენტოს ვებგვერდზეა (http://gita.gov.ge/) მითითებული, მსოფლიო ბანკის მონაცემებით,  ქართული კომპანიები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ ინოვაციებს საკუთარ მოღვაწეობაში,  უფრო სწრაფად ვითარდებიან და 30% -ით მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან, ვიდრე არაინოვაციური კომპანიები.
საქართველოში სამრეწველო ინოვაციების პირველი ლაბორატორია  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წელს გაიხსნა. წელს სააგენტო კიდევ 4 ლაბორატორიის შექმნას გეგმავს, რომელთაგან 1 გორში ამოქმედდება.