ამ მიზნით მოსამზადებელი  სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „რეგიონული განვითარების ცენტრის“ (RDC) წარმომადგენლების მონაწილეობით 4 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროექტს  ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის სახელწოდებაა „ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით“  და მას  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Agora Central Europe“ ახორციელებს.  "აგორას" ადგილობრივი პარტნიორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – „რეგიონული განვითარების ცენტრი“ (RDC), რომელიც ქალაქ გორის მერიასთან ერთად გეგმავს შეისწავლოს ქალაქის მოსახლეობის აზრი ტრანსპორტის, პარკირების, აგრარული ბაზრის, სპორტული და კულტურული სფეროს, ეკოლოგიის, ქალაქის განვითარებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი  2015 წლის აპრილში დაიწყო და  2015 წლის დეკემბერში დასრულდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობას, საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასა და გააქტიურებას.
  
ამჟამად ხორციელდება პროექტის პირველი ეტაპი, რაც თანამონაწილეობითი კომიტეტის დახმარებით ძირითადი პრობლემების გამოყოფას, დახარისხებას, პროცესის დაგეგმვასა და კითხვარის დარიგებისთვის საუკეთესო ხერხის მოფიქრებას გულისხმობს.
პროექტის მომდევნო ეტაპია  საჯარო შეხვედრა. საბოლოო ეტაპზე  კი შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც თავს მოიყრიან საჯარო შეხვედრაზე გამოკვეთილი აქტიური მოქალაქეები და შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმებს გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.
პროექტის განხორციელება შექმნის პრეცენდენტს, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ყველა პრობლემური  საკითხის გადაჭრას არა ერთპიროვნული, არამედ საზოგადოებრივ აზრზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით შეეცდება.