4 ივნისს გორში ამერიკის დღეები აღინიშნება.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი გორს ესტუმრება და შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 
დღე 10:00 საათზე გორის სასწავლო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეობის კონფერენციით დაიწყება. კონფერენციის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის პროფესორები ოთარ ჯანელიძე და თეა ხორგუაშვილი წაიკითხავენ მოხსენებებს საქართველო-ამერიკის ისტორიისა და ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ჯეიმს დუი და რიჩარდ ნელსონი გადასცემენ წიგნებს კონფერენციის მონაწილეებს და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. მოწვეული სპეციალისტი წაიკითხავს ზვიად გამსახურდიას ნათარგმნ ამერიკული პოეზიას, ხოლო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, დეკანის მოადგილე ჰალილ გუვენი წარადგენს სან დიეგოს უნივერსიტეტს. კონფერენციის დასასრულს გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ,,მწვრთნელის“ ჩვენება და დისკუსია ჯეიმს დუისთან.

ღონისძიებები 15:00 საათზე სტალინის ბაღში გაგრძელდება, სადაც მოეწყობა საინფორმაციო გამოფენა. წარმოდგენილ იქნება აშშ-ის მისიის სხვადასხვა პროგრამების სტენდები. მოსახლეობას მიეცემა საშუალება საგანმანათლებლო, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტისა და დახმარების პროგრამის შესახებ უშუალოდ საელჩოს წარმომადგენლებისგან მიიღოს ინფორმაცია.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე სტალინის ბაღში დაიწყება კონცერტი ჰიპ-ჰოპის ბენდ ,,Dangerflow-სა“ და მოცეკვავეთა ჯგუფ ,,Sea2Sea-ს“ მონაწილეობით. შესრულდება ქანთრის სტილის კომპოზიციები და ამერიკული ქუჩის ცეკვები.
ამერიკის დღეები არის საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც მასპინძლობს აშშ-ის მისია საქართველოში.
ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით 2 ივნისს ზუგდიდიდან დაიწყო, 3 - 4 ივნისს ახალციხესა და გორში გაგრძელდება და დასრულდება 6 ივნისს თბილისში, რიყის პარკში, სადაც გაიმართება დასკვნითი ღონისძიება.