გორს უახლოეს მომავალში  მიწათსარგებლობის გენერალური განვითარების გეგმა ექნება.
აღნიშნული გეგმის შემუშავება დაევალა  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის  მიერ საგანგებოდ  მომზადებულ შვიდკაციან ჯგუფს,  რომელსაც დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდა და გეოინფორმაციული სისტემების სასწავლო კურსის  სერთიფიკატები გადასცა.
,,თქვენ შეიარაღებული ხართ უახლესი გეოინფორმაციული სისტემების ცოდნით და ამ ცოდნის გამოყენებით უნდა შევქმნათ ბოლო ათწლეულების მანძილზე  მიწათსარგებლობის  პირველი გენერალური გეგმა, რომელიც ასე  მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის. დიდი მადლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც თქვენი სახით მოგვიმზადა ასე საჭირო კადრი“ - განაცხადა  ზურაბ ჯირკველიშვილმა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას.
სააგენტოს მიერ მომზადებული ჯგუფი ააიპ ,,სივრცით მონაცემთა უზრუნველყოფის სამსახურის“ ბაზაზე იმუშავებს. სამსახური 2013 წელს დაფუძნდა ააიპ ,,გორის გრაფიკულ ვიზუალიზაციის“ სახელწოდებით. მიმდინარე წლის  14 მაისს კი ქალაქის მერის  #1-211 ბრძანებით შეეცვალა სახელწოდება და   დაუმტკიცდა ახალი წესდება.
  
წესდების მიხედვით ააიპ  ,,სივრცით მონაცემთა უზრუნველყოფის სამსახურის“ მიზნები და ამოცანებია: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და შენობა-ნაგებობების ტექნიკური პასპორტების მომზადება; ქუჩებისა  და შენობა-ნაგებობების გრაფიკული ვიზუალიზაცია და   სამგანზომილებიანი მოდელების რუკის შექმნა.