21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის სახელით სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს. ღონისძიება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, გორის უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი ძალისხმევით,  გორის უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართა, სადაც გამოიფინა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და ცნობილი ადამიანების ერთობლივი ფოტოები, ასევე, ,,კეთილდღეობის ცენტრის“ ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთები. 
ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი  კახა სამხარაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, ქალაქ გორის საკრებულოს წევრები,  გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
უნივერისტეტთან ერთად, 21 მარტის აღსანიშნავად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ნაბიჯები-ნაბიჯების“ მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გასართობმა ცენტრმა ,,რიომაც“ უმასპინძლა.
,,დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კამპანიას  ყოველ  წელს ვუერთდებით სხვადასხვა ღონისძიებით, რომელთა მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  და მხარდაჭერის მოპოვება, ასევე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.  აქციების გარდა, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ვახორციელებთ, მერია სოციალური  პროგრამის საშუალებითაც ეხმარება მათ. ჩვენ სრულად ვიზიარებთ კამპანიის წლევანდელი  სლოგანის საჭიროებას, ამიტომ მომავალშიც ვეცდებით  ჩვენი აქტიური მხარდაჭერით სულ უფრო ძლიერად გაისმას დაუნის სინდრომის მქონეთა ხმა საზოგადოებაში“ - განაცხადა მერიის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.
მერიის სოციალური დახმარების პროგრამით გორში რეგისტრირებული დაუნის სინდრომის მქონე 9 პირი სარგებლობს. პროგრამა დაუნის სინდრომის გარდა ითვალისწინებს ცერებრალური დამბლითა  და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარებას სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურებისა და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურ დახმარებას 400 ლარის ოდენობით. ბენეფიციარები 18 - წლის ზევით სოციალური დახმარებას იღებენ  250  ლარის ოდენობით.