სტალინის გამზირის №19-ში მდებარე კორპუსის ბინადრებს ამიერიდან აღარც სახურავიდან ჩამოსული წყალი შეაწუხებთ და არც ეზოს უკიდურესად ამორტიზებული საფარი შეუქმნით პრობლემებს.
აღნიშნული კორპუსის ამხანაგობას ქალაქის მერიამ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და სახურავისა და ეზოს საფარის მოსაწყობად საჭირო თანხის 90%  დაუფინანსა.
 პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სტალინის 19-ში რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.
პროექტის საერთო ღირებულება 38 374 ლარია, საიდანაც 34 536 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ თანხას, 3 838 ლარს კორპუსში მცხოვრები 16 ოჯახი დაფარავს. თანადაფინანსების პირობებში თითოეული ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ 240 ლარს გაიღებს.
,,სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩამოგვდიოდა, ეზო კი ისეთ დღეში იყო, რომ წვიმის დროს გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ორივე პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და მერიის დახმარების გარეშე, მხოლოდ  საკუთარი სახსრებით, ნამდვილად ვერ გავწვდებოდით“ - აცხადებენ კორპუსის მცხოვრებნი.
მიმდინარე წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამით უკვე 7 ამხანაგობა დაფინანსდა.
პროგრამის წლიური ბიუჯეტი 250 000 ლარია. პროგრამამ  წელს ამხანაგობების სასარგებლოდ ცვლილებაც განიცადა, კერძოდ, მერიის თანადაფინანსების წილი 80%-იდან 90%-მდე გაიზარდა, ამასთან ერთად განისაზღვრა  ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილის  დაფინანსება 100%-ით.