ქალაქის მერმა სამოქალაქო, იგივე თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების გასულ წელს განხორციელებული პროცესი შეაფასა, ისაუბრა ნაკლოვანებებზე და იმედი გამოთქვა, რომ წელს ბიუჯეტირება უფრო უკეთესად  განხორციელდება.
,,გასულ წელს თანამონაწილეობითი ბიუჯეტი საპილოტე რეჟიმში განვახორციელეთ, პირველიც იყო,  დროის  დეფიციტიც გვქონდა, ამიტომ მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წელს მარტიდან ვიწყებთ აღნიშნულ პროცესს და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გამოვასწოროთ ხარვეზები. მინდა მოგიწოდოთ კოორდინატორებს,   გაააქტიუროთ მუშაობა მოსახლეობასთან, რომ 2018 წლისთვის შერჩეული პროექტები მაქსიმალურად მეტი გორელის ინტერესებს ასახავდეს.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
სამოქალაქო ბიუჯეტირება ქალაქ გორში პირველად გასულ წელს განხორციელდა. ქალაქ გორის მერიის წარმომადგენელთა დახმარებით,  თვითონ მოქალაქეებმა დაგეგმეს მათ უბნებში 2017 წელს განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  900 000 ლარით დაფინანსდა, რაც ქალაქის ბიუჯეტის 5%-ს შეადგენს. 2017 წელს გორში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 13 პროექტი განხორციელდება ქალაქის ექვსივე უბანში. თითოეული უბნის ბიუჯეტი 150 000 ლარია.
სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცისა“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორების: მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტის, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ქალაქ ვარშავის მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.