დღეს გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე ესტუმრნენ და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგებლებთან ერთად რესურსცენტრი და ინგლისური ენის კლუბი გახსნეს.
ხუთი წლის განმავლობაში გორის  ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი  თანამშრომლობდა ბრიტანეთის საბჭოსთან და ჩართული იყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული ინგლისური ენის კონკურსების საინფორმაციო შეხვედრაბის და კონკურსების ორგანიზებაში.
 2016 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება რომელიც ითვალისწინებდა ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადებას და მოსწავლეთათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში გადაემზადა 20 პედაგოგი ხოლო იანვრის თვეში დაგეგმილია ტრენინგები 22 პედაგოგისათვის.  
პროექტი ემსახურება მთლიანად გორის მუნიციპალიტეტს (ქალაქს და რაიონს),
IV-დან XII კლასის ჩათვლით 1300 ბავშვი ეუფლება ინგლისურ ენას ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, პროგრამა გათვლილია სოციალურად დაუცველი, დევნილი, მრავალშვილიანი და შშმ პირების ოჯახის წევრებისათვის.
პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საელჩომ „ცენრტს“ გადასცა 5000 ლარზე მეტის ღირებულების სასწავლო-შემეცნებითი  ლიტერატურა და საკანცელარიო ნივთები, 4 ლეპტოპი ყურსასმენებით, სკანერ-პრინტერი, LED ტელევიზორი, ჯამში 20 000 ლარის ღირებულების ტექნიკური მოწყობილება. პროექტი სრულდება აპრილის თვეში.
“ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ისწრაფვის კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ინგლისური წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უცხო ენას, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრთან მიღწეული პარტნიორობის შეთანხმება და თანამშრომლობის მემორანდუმი მეხუთე წელია გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ შიდა ქართლის რეგიონში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობაში.
 " -განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.
მრავალწლიანი თანამშრომლობა ამჯერად სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში მოეწყო რესურსცენტრი და ინგლისური ენის კლუბი, სადაც 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან გაკვეთილებს, ასევე, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით და მიიღებენ მონაწილეობას ინგლისური ენის კონკურსში. პროექტი ასევე გულისხმობს პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ახალი მოდელის მიხედვით მუშაობას, ინგლისური ენის ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, ინგლისური ენის პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოკლე პროფესიული სემინარები.