გორის მერიის ორგანიზებით გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოეტის საიბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტი ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ჯემალ ინჯია დაიბადა 1937 წლის 14 იანვარს. მას მინიჭებული აქვს გალაქტიონ ტაბიძისა და ფრიდონ ხალვაშის პრემიები, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, არის გორის საპატიო მოქალაქე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი წიგნი. მისმა ლექსებმა თავიდანვე მიიპყრო მკითხველებისა და ლიტერატურული კრიტიკის ყურადღება ორიგინალური და თამამი ძიებებით. პოეტმა თარგმნა კამოენსის სონეტები და პოემა " ლუზიადები", ედგარ პოს "ყორანი" სერგეი ესენინის, ვლადიმირ მაიაკოვსკის, ალექსანდრ ბლოკის, ლიტველი, უკრაინელი და ოსი პოეტების ლექსები. ჯემალ ინჯიას ლექსები თარგმნილია ცხრა ენაზე.