გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე შშმ პირს მამუკა  არჩუაძეს სახლში ეტუმრა და დამხმარე მოწყობილობა პირადად გადასცა. ორ თვეზე მეტია 49 წლის მამუკა არჩუაძეს ავტასაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხი დაუზიანდა, რის გამოც ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. მეორე ჯგუფის ინვალდს (დაუნის სინდრომის მატარებელია) უკვე ჩაუტარდა ორი რთული ოპერაცია. ოჯახის წევრების განმარტებით, მამუკა არჩუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მედიკოსები მესამე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ. გორის მერიას აღნიშნული დამხმარე მოწყობილობა (ეტლი) არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები მშვიდობისათვის და სიცოცხლისათვის“ გადასცა. „გარდა დამხმარე მოწყობილობისა, მუნიციპალიტეტში საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მამუკა არჩუაძე გორის მერიის სოციალური პროგრამის მე-6 მუხლის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად დახმარებას (წლის განმავლობაში) 250 ლარს მიიღებს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებულების სამკურნალო-სარებილიტაციო მომსახურეობას.“ - აღნიშნა არჩუაძის ოჯახის წევრებთან საუბრისას სოციალური სამსახურის უფრსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.