პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული მოქალაქეები  დასაქმდნენ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 32 000 ლარიანი თანადაფინანსებით ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ახორციელებს. გორის მერიის სოცილაური სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ და პროგრამის მენეჯერმა ლელა მაისურაძემ დასაქმებული ბენეფიციარები ახალ სამსახურებში მოინახულეს. პროგრამის ორი ბენეფიციარი (მათ შორის ერთი წინა ფაზის ფარგლებში გორის მერიის მიერ რეფერირებული) სოფელ გომთან მდებარე კომპანია „Black Sea Group“-ის საწარმოო ბაზაში, ხოლო ერთი ბენეფიციარი ქალაქ გორში, იერუშალაიმის ქუჩა №18-ში მდებარე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიაში დასაქმდა. დასაქმების პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად შერჩეული ბენეფიციარებისთვის სასწავლო სესიები 1 ოქტომბერს დაიწყო.   პროგრამა 5 თვიანია და 2017 წლის თებერვალში დასრულდება. იგი ითვალისწინებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ისეთი მოდულების სწავლებას, როგორიცაა ემოციის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება, თვითპრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი და ა.შ. სასწავლო კურსს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად უძღვება ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“(RDFG) დასაქმების პროგრამის მენეჯერი ლელა მაისურაძე. დასაქმების პროგრამა Employment Shuttle ინოვაციური მეთოდოლოგიით შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ფასილიტაციის პრინციპებს ეფუძნება. პროგრამა თავდაპირველად ესპანეთში Vives Emplea – მიერ დაინერგა. მისი პილოტირება  2015-2016 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ Life Georgia-ს ფარგლებში ACF - ის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა საქართველოს 3 ქალაქში: გორში, ზუგდიდსა და თბილისში. ქალაქ გორის მერიაში მიიჩნევენ, რომ ინოვაციური მეთოდოლოგიით გამორჩეული დასაქმების პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში სამსახურის მაძიებლებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებაში.