სამშენებლო სამუშოები დღეს ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ,,ღია კარის დღის“ ფორმატში დაათვალიერა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებსაც გაეცნო.
შეხვედრაზე მოსულმა მოქალაქეებმა მადლიერება გამოხატეს უკანასკნელ პერიოდში დასახლებაში განხორციელებული მასშტაბური პროექტების გამო, რის შედეგადაც აღნიშნულ დასახლებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო. ,,რასაც დაგვპირდნენ, ყველაფერი შეგვისრულეს. სადგურის მოსახლეობა ვერც კი ვიოცნებებდით კანალიზაციის ქსელის არსებობას. ახლა არა მარტო კანალიზაცია, არამედ მოასფალტებული ქუჩები, ტროტუარები და მოწესრიგებული სანიაღვრე არხებიც გვაქვს. ამჟამად კი წლების მანძილზე უპატრონოდ მიტოვებულ სკვერს გვიკეთებენ. ფართი პატარაა, მაგრამ დღეს მერი შეგვპირდა, რომ საბავშვო გასართობ მოწყობილობებსაც დაგვიდგამენ. როგორც ვიცი, კიდევ სპორტული მინისტადიონიც უნდა განახლდეს, აბრა უკვე გაკრულია და კიდევ ერთ სკვერსაც გვპირდებიან აქედან ცოტა მოშორებით. ასე, რომ ნამდვილი ქალაქელებივით ვიცხოვრებთ. მადლობისთვის სიტყვებიც კი არ მყოფნის“ - განაცხადა მერთან შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივმა მკვიდრმა იზოლდა ავეტისიანმა.
 სადგურის დასახლებაში, სამადაშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთაზე ერთდროულად 3 პროექტი მიმდინარეობს. კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების რეაბილიტაცია თავისი შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო სივრცეებითა და სანიაღვრე არხებით, სამადაშვილის სკვერი და სამადაშვილის ქუჩა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია.
პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს.
 სადგურის გარდა სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის სხვა უბნებშიც. ხორციელდება საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირზე, სტალინისა და თეატრის სკვერების რეაბილიტაცია, გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა, სოკო შადრევნებისა და საპარკე შადრევნების რეაბილიტაცია და ამხანაგობების თანადაფინანსების 20-მდე პროექტი.
პროექტი ,,ღია კარის დღე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივაა, რომელიც ტრადიციულად ყოველი კვირის ოთხშაბათს ქალაქის სხვადასხვა უბანში იმართება და მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე, ადმინისტრაციულ შენობაში მიუსვლელად შეხვდეს ქალაქის თავკაცს, გამოხატოს საკუთარი აზრი და აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. აღნიშნულ ფორმატში დღეს მოსახლეობასთან რიგით 32-ე შეხვედრა შედგა.