ქალაქ გორის მერიის ხელშეწყობით დღეს გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ძმები რომელაშვილების სკვერისა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელზე ხეები დაირგო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ, საკრებულოს წევრებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებმა. აქცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. აქციის მხარდამჭერები გორის მერიასთან ერთად არიან გორისა და ატენის ეპარქია და ორგანიზაცია “ნაბიჯი მომავლისკენ”. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.