დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ გორის მუნციპალიტეტის მერიამ პირველი ,,სამოქალაქო (თანამონაწილეობითი) ბიუჯეტის“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გუბერნატორის მოადგილე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტების ავტორი მოქალაქეები და კოორდინატორები, ასევე, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სხვა სივრცის“ წარმომადგენელი კლაუდია კოშიჩინსკა. სამოქალაქო ბიუჯეტირების პირველი ეტაპის სამუშოების შესახებ ინფორმაცია შეკრებილ საზოგადოებას ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის კოორდინატორმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა იაგო წიკლაურმა გააცნეს. მათ ისაუბრეს სამოქალაქო ბიუჯეტის რაობაზე, მოქალაქეების მიერ სასურველი პროექტების შერჩევის პროცესსა და უკვე შერჩეულ პროექტებზე, რომელიც 2017 წელს უნდა განხორციელდეს. ,,პოლონური მხარე, ვისი დახმარებითაც დავიწყეთ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება გორში, გვთავაზობდა ბიუჯეტირების პროცესის დაწყებას 2017 წელს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩქარა და წელსვე დაგვეწყო, რომ მომავალ წელს მოსახლეობას უკვე ენახა შედეგი, რაც მათივე აქტიური ჩართულობით შერჩეული პროექტების განხორციელებას მოჰყვება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კოორდინატორს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაისარჯა და მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. იმედი მაქვს, მათი მაგალითი სხვებსაც წაახალისებს, მომავალში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ პრობლემებს და მივაღწევთ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარს - ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას და საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობის ფორმირებას, რაც ასე აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისათვის“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. სამოქალაქო ბიუჯეტირება ქალაქ გორში საპილოტე პროექტია. ქალაქ გორის მერიის წარმომადგენელთა დახმარებით, წელს პირველად, თვითონ მოქალაქეებმა დაგეგმეს მათ უბნებში მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარით დაფინანსდება, რაც ქალაქის ბიუჯეტის 5%-ს შეადგენს. საბოლოო შედეგებით 2017 წელს გორში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 13 პროექტი განხორციელდება ქალაქის ექვსივე უბანში. თითოეული უბნის ბიუჯეტი 150 000 ლარია. სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცისა“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორების: მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტის, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ქალაქ ვარშავის მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.