,,ღია კარის დღის“ ფარგლებში დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მერმა შეკრებილ საზოგადოებას მერიის საპილოტე პროექტის ,, სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად ჩართვისაკენ მოუწოდა. ასევე განუმარტა, რომ მერიაში შექმნილია მოქნილი ბერკეტები ამხანაგობებისა და არარეგისტრირებული კავშირების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამისა და ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ სახით იმისათვის, რომ მოსახლეობის ინიციატივები საკუთარი გარემოს კეთილმოწყობის თაობაზე მაქსიმალურად იქნას მხარდაჭერილი და დაფინანსებული.
 შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში გორის მერმა ქალაქში დღეისათვის მიმდინარე სამუშოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ,,სკვერებსა და სარეკრეაციო ზონებზე გაზრდილ მოთხოვნებს მერია ადექვატურად პასუხობს არსებული სკვერების რეაბილიტაციით და სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ახალი სკვერების მოწყობით. უკვე მოეწყო სკვერი კომბინატში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც ადრე სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი იყო. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სადგურზე, კეცხოველის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმთან და თეატრის მიმდებარედ. ჯამში წლის ბოლომდე ქალაქის ინფრასტრუქტურას 2 ახალი და 3 რეაბილიტირებული სკვერი შეემატება.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
 გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე სკვერის მშენებლობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 40 837 ლარია, 13 დეკემბერს დასრულდება. სკვერის რეაბილიტაცია მე-3 პროექტია, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს ხორციელდება. მიმდინარე წელს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისა და და მდინარე მეჯუდის კალაპოტის გაწმენდის სამუშოები განხორციელდა.