,,სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის’’ ფარგლებში კომბინატისა და წმინდაწყლის მოსახლეობამ 2017 წელს განსახორციელებელი პროექტები უკვე შეარჩია. მომავალ წელს კომბინატში მოსახლეობის მიერ შერჩეული 2 პროექტი განხორციელდება: მოსკოვის ქუჩაზე მოეწყობა სკვერი სტადიონითა და საბავშვო მოედნით, ხოლო შინდისის გზატკეცილის №№11,13, 15-ის მიმდებარედ რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სკვერ-გაზონს. წმინდაწყალზე განხორციელდება ბინების დამისამართება, ხოლო ე.წ. ვოლოგდის დასახლებაში - შესასვლელი და შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების პროცესში მე-4 ეტაპია, რის შემდეგაც მერიის შესაბამისი სტრუქტურები უზრუნველყოფენ მომავალი წლის დასაგეგმ ბიუჯეტში აღნიშნული პროექტების დაფინანსების გათვალისწინებას. მე-4 ეტაპამდე ბიუჯეტირების პროცესი ითვალისწინებდა საპროექტო ინიციატივების განაცხადების მიღებას (I ეტაპი), განაცხადებისთვის კატეგორიის მინიჭებას (II ეტაპი), განაცხადების განხილვასა და მიზანშეწონილობის განსაზღვრას სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომაზე, პირველადი შედეგების გასაჯაროვებას მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით (III ეტაპი). სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ქალაქი გორი ერთ-ერთია იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც უნდა დაინერგოს სამოქალაქო ბიუჯეტი. პროცესის მხარდამჭერები საქართველოში არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცე“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორები: მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს თვითმართველობის ეროვნული ასოციაცია, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტი / რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტი, ქალაქ ვარშავას მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრი.