,,ღია კარის დღის“ ფარგლებში დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სტალინის ქუჩის #2 ა - ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სახურავის მოწყობის პროექტი დაათვალიერა და ამხანაგობების წევრებს შეხვდა. პროექტი ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 300 ლარით ფინანსდება. სახურავის რეაბილიტაცია აღნიშნული კორპუსის ამხანაგობისთვის უკვე მესამე პროექტია, რომელიც მუნიციპალური პროგრამით ფინანსდება. 2015 წელს მერიის თანადაფინანსებით კორპუსში მოეწყო კიბის უჯრედი და განხორციელდა წყალ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 350 ლარი გაიხარჯა. ,,ჩვენი კორპუსის მშენებლობა 1982 წელს დაიწყო და 1985 წელს შეწყდა. მე თვითონ 1993 წლიდან შემოვსახლდი ბინაში, რომელსაც არც სახურავი ჰქონდა, არც კიბე და არც რაიმე საკომუნიკაციო სისტემა. გასულ წელს შევიტყვეთ ამხანაგობის პროგრამის არსებობის შესახებ, მივაკითხეთ მერიას და უკვე მესამე ისეთი პროექტი განვახორციელეთ, რასაც ჩვენი ძალებით ვერასოდეს შევწვდებოდით და დღემდე უსახურავოდ და კიბის გარეშე ვიცხოვრებდით. ფაქტიურად მერიამ დაამთავრა ეს დაუსრულებელი კორპუსი. მომავალ წელს სადარბაზოების რემონტს ვგეგმავთ, რის შემდეგ უკვე ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიფიქრებთ. დიდი მადლობა ქალაქის მერს, რომელმაც ასე შეგვიწყო ხელი ჩვენი პრობლემების მოგვარებაში.“ - განაცხადა ამხანაგობის თავმჯდომარემ ლევან გიგოლაშვილმა. შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობასთან ზურაბ ჯირკველიშვილმა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის სამომავლოდ განსახორციელებელი ცვლილებები დააანონსა და განაცხადა, რომ მომავალ წელს მერია გამოაცხადებს კონკურსს, შეარჩევს განსაკუთრებულად აქტიურ ამხანაგობას და მას მოთხოვნილი პროექტის განხორციელებასთან ერთად ბონუსად ბინის ფასადსაც მოუპირკეთებს. აქვე ზურაბ ჯირკველიშვილმა მტკვრის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პერსპექტივებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მერია გამოაცხადებს კონკურსს მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად, რომლის განხორციელებაც მტკვრის პირას უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების (გურამიშვილის ქუჩა, რაგბის სტადიონი, სპორტის სასახლე ჭალაში, სადგურის ახალი ხიდის ქვეშ გამავალი ქუჩა) დაგვირგვინება იქნება.