გორის ტიხროვანი მინანქრის სკოლაში ცნობილი ოსტატის ერმილე მაღრაძის შეგირდების მეორე ნაკადის შესარჩევად კონკურსის მეორე ეტაპი დღეს გაიმართა. კონკურსში 9 აპლიკანტი მონაწილეობდა. სკოლის პირობების შესაბამისად, მათგან შეირჩევა მხოლოდ 7 მონაწილე, რომელიც გაივლის ორწლიან სასწავლო კურსს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. სასწავლო პროცესში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საოქრომჭედლო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი, ხოლო მასალად გამოიყენებენ შუა საუკუნეებში არსებული ტექნოლოგიით მომზადებულ მინანქრის სმალტებს. კონკურსი ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა-სახელოსნოში სწავლის მსურველთათვის მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოცხადდა. პირველ ეტაპი წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი, კონკურსანტებთან გასაუბრებასა და მათი ხატვის უნარების შემოწმებას გულისხმობდა. მინანქრის სკოლა-სახელოსნო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით გასულ წელს დაფუძნდა. სკოლაში სწავლა უფასოა. სასწავლო ხარჯები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.