,,პროექტი ,,წლის მოაზროვნე“ მე-7 საჯარო სკოლის  პედაგოგთა წამოწყებაა, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „მოსწავლე ახალგაზრდობისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების  პროგრამის“  ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. პროექტის მონიტორინგმა აჩვენა, რომ  პროგრამამ გაამართლა, რადგან არაერთ  წარჩინებულ მოსწავლეს მიეცა საკუთარი შესაძლებლობების არაფორმალურ გარემოში წარმოჩენის საშუალება. ამის დასტურია სწორედ ,,წლის მოაზროვნე“ და კიდევ რამოდენიმე საკონკურსო პროექტი, რომელიც მერიის მიერ აქამდე დაფინანსდა“.   - განაცხადა  ქ. გორის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პროგრამის ავტორია. პროექტი ,,წლის მოაზროვნე“ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და სამ ტურად ჩატარდა.  პირველი ტურში გამოყენებულ იქნა   ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებული ტესტები, მეორე და მესამე ტურებში კი აქცენტი გაკეთდა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის უნარების გამოვლენა-შეფასებაზე.  ოლიმპიადაში მონაწილეობდა  გორის სკოლების IX-XI კლესების 40-მდე მოსწავლე, რომელთაგან მესამე ტურში მხოლოდ 12 დარჩა. გამარჯვებულად გამოცხადდება უმაღლესი ქულების მქონე 3 მონაწილე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. ამასთანავე, ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი  და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად დაესწრება შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლს.  ,,გვინდა მადლობა ვუთხრათ ქალაქის მერს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  საჯარო სკოლების ასეთი ხელშეწყობა ნამდვილად პირველია.  ეს კი პედაგოგებს გვაძლევს სტიმულს, რომ განვახორციელოთ უფრო  მეტი პროექტი და  მეტი გასაქანი მივცეთ ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერებას.“- განაცხადეს  პედაგოგებმა. „მოსწავლე ახალგაზრდობისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების  პროგრამის“  ფარგლებში წელს სამი საკონკურსო პროექტი დაფინანსდა. ამავე პროგრამიდან ფინანსდებიან  გადაცემა ,,ეტალონისა“ და რელიგიური კონკურსის გორელი გამარჯვებულები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 15 აბიტურიენტისათვის, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალ შედეგებს დააფიქსირებს.