დღეს კომპანიას შპს ,,კარლსპორტინვესტის“ საფეხბურთო კლუბი „დილა“ საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცა. შესაბამის ხელშეკრულებას გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და შპს ,,კარლსპორტინვესტის“ დირექტორმა ეკატერინე თორდიამ მოაწერეს ხელი. აღნიშნულმა კომპანიამ გორის "დილა" აუქციონზე 350 ათას ლარად შეიძინა. ღონისძიება, რომელიც საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შპს ,,კარლსპორტინვესტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შპს ,,კარლსპორტინვესტი“ საქართველოში ახლადდაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ქართველ წარმომადგენლებთან ერთად ებრაელი ბიზნესმენები წარმოადგენენ. კომპანია ვალდებულებას იღებს 2016 წლისთვის კლუბის ანგარიშზე ჩარიცხოს 600 000 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს მინიმუმ 300 000 ლარი. ამასთან ერთად ვალდებულია ამ თანხის 20% მოახმაროს კლუბის, ხოლო 20% ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.