გორში სახალხო დღესასწაული “გორის დღეები” სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქალაქ გორის მერიიდან აცნობეს, დღესასწაულის ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი, ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული და ფოტო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ხილის ბაზარი, საჯარო სკოლების კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

”გორის დღეებს“ ესწრებიან უცხოელი სტუმრები პოლონეთის, ლატვიისა და უკრაინის დამეგობრებული ქალაქებიდან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სახალხო დღესასწული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ როსებაშვილმა ქალაქის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს და თითოეულ მათგანს შესაბამისი სიგელი გადასცეს. აღნიშნული ტიტული პროფესორს, მთარგმნელსა და მკვლევარს ინესა მერაბიშვილს, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მედიკოსს ნათელა გამსახურდიას და რიოს ოლიმპიადის მონაწილე წარმატებულ გოლერ სპორტსმენებს ლადო ხინჩაგაშვილს, გენო პეტრიაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს მიენიჭა. 

გორის მუნიციპლიტეტის ინფორმაციით, 20:00 საათზე ”გორის დღეები 2016“ დასკვნითი კონცერტი ორკესტრ „ბიგ-ბენდის“ მონაწილეობით დაიწყება.
ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2016”-ის კვირეული 28 სექტემბერს გაიხსნა და დღეს საზეიმოდ იხურება. 
4 დღის განმავლობაში „გორის დღეების“ აღსანიშავად ეთნოგრაფიულ და საბრძოლო დიდების მუზეუმუბი დამთვალიერებლებს უფასოდ მასპინძლებენ. ყოველდღე 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, უფასოდ ემსახურებოდნენ ბავშვებს ატრაქციონები გორის კულტურისა და დასვენების პარკ ”ახალბაღში“.