10 000 მეტრის სიგრძის რეაბილიტირებული ქუჩები, საფეხმავლო სივრცეები, წყალსაწრეტი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, კორპუსების ამხანაგობებში განხორციელებული 91 ინფრასტრუქტურული პროექტი,სოციალური პროგრამის 8000-მდე ბენეფიციარი და სხვა. ეს მერიის არსებობის მანძილზე განხორციელებული იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ქალაქის საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2014 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგების პრეზენტაცია 30 სექტებერს გორის თეატრის დიდ დარბაზში შედგა.განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგები გორის მერმა საზოგადოებას პირადად გააცნო.
დამსწრე საზოგადოებას მერიის მუშაობის შეფასება ანგარიშზე წარმოდგენილი რუქის საშუალებითაც შეეძლო, სადაც ვიზუალურად სხვადასხვა ფერით გამოისახა ყველა სამუშაო, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და რამაც თანაბრად მოიცვა ქალაქის ყველა უბანი და ქუჩების უმრავლესობა.
,,ამ რუქის საშუალებით ნათლად შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტებით დავფარეთ თითქმის ყველა უბანი. რაღაც ნამდვილად გაკეთდა. გეთანხმებით, ეს საკმარისი არაა, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ყველაზე ძირეულიდან, იქიდან, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელად განსახორციელებელია. და ეს სამუშაოები გრძელდება როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, კულტურის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა ანგარიშის წარდგენისას.