ხვალ, 12:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის ომი მონაწილეები საბრძოლო დიდების მუზეუმში (სტალინის ქუჩა №19) შეიკრიბებიან. ისინი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მუზეუმში მოსაწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები წარმოადგენენ ლიტერატურულ კომპოზიციას „მომენატრე აფხაზეთო“, რომლის დასრულების შემდგენ ნაჩვენები იქნება რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „როგორ დაეცა აფხაზეთი“. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.