დასაქმების პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვის მსურველი აპლიკანტებისთვის დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციას ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე, რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხედვებზე პროგრამის პერსპექტივებთან დაკავშირებით და პროგრამის აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.
,,ჩვენ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი ვართ, იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც დასაქმების აღნიშნული პროგრამის პილოტირება განხორციელდა, მაგრამ ჩვენ ვართ პირველები, ვინც გამოთქვა ნება, გადაიბაროს და საკუთარი სახსრებით განახორციელოს ინოვაციური მეთოდოლოგიით გამორჩეული დასაქმების პროგრამა და ამით ხელი შეუწყოს საკუთარი მოქალაქეების უნარების განვითარებას შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით. მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს, რომ მოგვცეს ამის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, პროგრამა გაამართლებს არა მარტო ჩვენს, არამედ მონაწილეთა იმედებსა და მოლოდინებსაც“. - განაცხადა ეკატერინე ქუთათელაძემ.
დასაქმების პროგრამა Employment shuttle ესპანური ინოვაციური მეთოდოლოგიით შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ფასილიტაციის პრინციპებს ეფუძნება. პროგრამა თავდაპირველად Vives Emplea –მიერ დაინერგა. მისი პილოტირება საქართველოში 2015-2016 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ Life Georgia-ს ფარგლებში ACF - ის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 ქალაქში: გორში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში.
მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან დასაქმების პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 32 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამით ისარგებლებს 60 აპლიკანტიდან შერჩეული 20 მონაწილე, 
დასაქმების მსურველებს 15 სექტემბრის ჩათვლით განაცხადების შეტანა გორში რეგისტრირებულ 18-დან 45-წლამდე დაუსაქმებელ პირებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში შეეძლოთ. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 60-მდე აპლიკანტმა გამოთქვა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ კონკურსის შედეგად შეირჩევა 20 ბენეფიციარი, რომელიც დასაქმებამდე 5 თვიან გადამზადების კურსს გაივლის.