ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის  მერიის პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერეს. მათ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინეს და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანების პროგრამის ფარგლებში დახმარებასაც დაპირდნენ. სკვერში მოწყობილ მინი სპორტულ სტადიონზე მერიის თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად კალათბურთიც ითამაშეს. სკვერის ფართობი საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეული დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის მიწაა, რომელიც დღემდე ნაგავსაყრელად იყო გამოყენებული. სკვერის მოსაწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“ 4 თვის მანძილზე აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულებამ 96 780 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის მიხედვით მოეწყო სპორტული მინი სტადიონი, დასასვენებელი სკამები და ფანჩატური, საბავშვო საქანელები და დეკორატიული განათება. პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან 23-ე შეხვედრ გამართეს. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.